განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის

სამუშაო შეხვედრები

საგრანტო პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მოქალაქეობრივი განათლების საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა, რისთვისაც დაგეგმილი იყო მივლინება რუმინეთში, ქალაქ ტიმიშუარაში, საერთაშორისო ინტერკულტურულ ინსტიტუტში (Intercultural Institute from Timisoara).

ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის 23 – 26 ოქტომბერს და მასში მონაწილეობდნენ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. დავით მალაზონია და პროექტის წევრი ნინო ჭიაბრიშვილი. მოეწყო შეხვედრები  ტიმიშუარას ინტერკულტურული ინსტიტუტისა (Intercultural Institute Timisoara) და ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტის (West University of Timisoara) წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების მიმართულებით არსებული კვლევებისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება.

ტიმიშუარას ინტერკულტურულ ინსტიტუტში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ალექსანდრა კონეარიკმა (Alexandra Conearic) და კალინ დიაკონესკუმ (Calin Diaconescu), ხოლო ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა სიმონა სავამ (Simona Sava). შეხვედრის შედეგად გაზიარებული გამოცდილება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დაჯგუფდეს:

  1. დემოკრატიული მოქალაქეობის არსებული კომპეტენცია რუმინელ მოსწავლეებში
  2. საგანმანათლებლო რესურსების არსებობა/გამოყენება
  3. სკოლის როლი მოქალაქეობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბება/განვითარებაში
  4. არაფორმალური განათლების როლი დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობაში
  5. საუნივერსიტეტო კურიკულუმი და სამოქალაქო განათლება
  6. მოქმედი მასწავლებლების გადამზადება

ვიზიტის ბოლო, მესამე დღეს საშუალება მოგვეცა დავსწრებოდით სემინარს განათლების მიმართულების მაგისტრებთან და მასწავლებლებთან. სემინარის ძირითადი თემა იყო სამოქალაქო განათლების მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა. სემინარზე ყურადრება დაეთმო მოქალაქეობრივი განათლების პრობლემებს რუმინეთში. როგორც აღვნიშნეთ, აუდიტორია შედგებოდა განათლების მაგისტრებისა და პრაქტიკოსი მუშაკებისგან (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები), რაც საშუალებას აძლევდა მათ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ემსჯელათ განათლების სისტემის და კონკრეტულად, მოქალაქეობრივი განათლების პრობლემებზე. სემინარის ხელმძღვანელმა მსმენელები დაჰყო ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაევალა ინდივიდის, ორგანიზაციის, საზოგადოების და გლობალურ დონეებზე არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლებების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების წარმოდგენა. თეორიული მიმოხილვების მოსმენასთან ერთად, მაგისტრანტები და მასწავლებლები მუშაობდნენ აღნიშნულ საკითხებზე ჯგუფებში, ჯგუფიდან-ჯგუფში გადანაცვლების მეთოდით. ამგვარმა მიდგომამ სემინარის მონაწილეებს საშუალება მისცა თავიანთი მოსაზრებები ჩამოეყალიბებინათ ოთხივე დონეზე. დასასრულ ჯგუფებმა წარმოადგინენ რეკომენდაციები მოქალაქეობრივი განათლების პრობლემების გადაჭრისათვის.